X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის შუალედური შედეგები განიხილეს

9 ივლისი 2026

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების არქიტექტურული პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

პროექტის შემსრულებელი არქიტექტურული ბიუროს "ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალის"  წარმომადგენლებმა დამსწრეებს პროექტის პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და მომდევნო ეტაპისთვის მომზადებული ხედვა წარუდგინეს.

მესამე ეტაპზე გადასვლამდე მხარეებმა უკვე შესრულებული სამუშაოები, ძირითადი კონცეფციები და დაგეგმილი მიმართულებები განიხილეს. გენერალური გეგმის მიხედვით, განმუხურის სანაპირო ზოლი მრავალფუნქციურ, ოთხივე სეზონზე აქტიურ რეკრეაციულ სივრცედ უნდა ჩამოყალიბდეს. პროექტი ითვალისწინებს როგორც მშვიდი დასვენებისთვის განკუთვნილი მწვანე ზონების, ისე აქტიური დასვენებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

დაგეგმილია დამატებითი გამწვანება, ჩოგბურთისა და პადელის მოედნები, ახალი ნავმისადგომის მოწყობა, ადმინისტრაციული შენობა,, ორანჟერეა, ამფითეატრი და სხვადასხვა კომერციული სივრცე.

განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ამფითეატრის განვითარების კონცეფციას. არსებული კონსტრუქციის ნაწილზე შესაბამისი ექსპერტიზის საფუძველზე გაცემულია რეკონსტრუქციის რეკომენდაცია, რის შემდეგაც მომზადდება ამფითეატრის განვითარების ახალი არქიტექტურული გადაწყვეტა. პროექტი ასევე მოიცავს ტრიბუნების რეაბილიტაციას, ხის არქიტექტურული ელემენტების ინტეგრირებასა და ტერიტორიის დამატებით გამწვანებას.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სანაპირო ზოლის მდგრად განვითარებაზე, მათ შორის სანაპიროს დაცვისა და მისი პერიოდული აღდგენის (კვების) ღონისძიებებზე, ასევე სპორტული კლასტერის კონცეფციაზე, რათა ტერიტორია ერთდროულად ემსახურებოდეს როგორც ყოველდღიურ სპორტულ აქტივობებს, ისე სხვადასხვა მასშტაბის კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.